"ადამიანი, რომელიც ბრენდის მართვას აპირებს, უნდა იყოს რადიკალური, სულსწრაფი და ცოტა არანორმალურიც" - უჩა ურუშაძე, SENSE OF BRANDING-ის ლექტორი

blog-detail-img

უჩა ურუშაძე Commschool-ში “Sense of Branding”-ის ქრეშ-კურსს წაიყვანს. უჩა ფილოსოფოსია, რომელიც ქმნის ბრენდებს, დანარჩენზე კი ბლოგში თავად მოგვიყვება:

“ჩემი კომპეტენციის სფეროებია სტრატეგიული ბრენდინგი და მარკეტინგული კომუნიკაციების სტრატეგია. პირველი გულისხმობს ბრენდების მარკეტინგული კონცეფციების შექმნასა და მათი სამოქმედო გეგმების დასახვას, ხოლო მეორე – კომერციული ინტერესით მოტივირებული მხარის მიერ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფებისადმი ხმის მიწვდენის ტექნოლოგიას” – ამბობს უჩა.

თუ Spotlight-ზე არ ყოფილხარ, მაშინ მინდა ერთი საინტერესო კითხვა დაგისვა უჩას გამოსვლიდან – “თაფლი ბოსტნეულია?“. უცნაურად ჟღერს არა? უჩას თქმით სწორედ ასე იწყება ბრენდინგი “რაც არ ვიცით,  სწორედ იმისგან შეიძლება მაგარი ბრენდის გაკეთება “ 

ფოტო - რეზი ყენია

უჩა 2014 წლიდან HOLMES&WATSON-ში სტრატეგიებს უძღვება, სადაც მან სხვადასხვა ისეთი წარმატებული პროექტი განახორციელა, როგორებიცაა “თიბისი”-ს ბრენდის სტრატეგია და სარეკლამო კამპანიები „გამარჯობა“ და „შენ“, ასევე – “თიბისი დაზღვევის” კამპანია – “შეცდომები მოსულა”.

და მაინც, რა არის ბრენდინგი? – უჩა განმარტავს:

“ბრენდინგი არის პროცესი იმის აღმოჩენისა, თუ რა არის ადამიანურობა. კარგია ბრენდი, რომელიც ცდილობს შემოაღწიოს ჩემს სამყაროში – მე უნდა ვგრძნობდე, რომ ბრენდი ცდილობს გამიგოს.”

ხოლო ვინ არის სტრატეგი, უჩა ამბობს:

“რამდენადაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანს აქვს წარმოსახვისა და კომუნიკაციის უნარი, ხალხს მიაჩნია, რომ რასაც გააკეთებს ან იტყვის, ყველასათვის მისაღები და გასაგები იქნება. სტრატეგი არის პროფესიონალი, რომელიც აუდიტორიის თვალით და ყურით აღიქვამს კონკრეტულ მოქმედებას თუ განაცხადს. ის განსაზღვრავს, თუ რა იქნებოდა საზოგადოდ საინტერესო, ორიგინალური და რელევანტური და არა – უბრალოდ, რა მოუხდებოდა, მაგალითად, რომელიმე ბრენდს”.

როგორც ვთქვით, უჩას არაერთ პროექტზე უმუშავია, რომელთაგან თავად რამდენიმეს გამოარჩევს:

“პირველი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი იყო ‘თელია სონერას’ მიერ ‘ჯეოსელის’ რებრენდინგის შედეგად მისი ლოკალიზაციის პლატფორმის შექმნა და მასთან დაკავშირებული ხანგრძლივი საკომუნიკაციო აქტივობის შთაგონება. რეალურად, ‘ჯეოსელი’ იყო პირველი გამბედავი ბრენდი, რომელმაც დაარღვია ჩვენთვის ჩვეული მეტყველების წესი. ამას მოჰყვა კიდევ უფრო გამბედავი ‘თიბისი’, რომელმაც უკვე პარადიგმატულად შეცვალა ბრენდის მხრიდან ადამიანისადმი დამოკიდებულების დამკვიდრებული კულტურა. ასევე საინტერესო იყო ‘ელიტ ელექტრონიქსთან’ და ‘ნიკორასთან’ ურთიერთობა, თუმცა, ვფიქრობ, მათთან მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ფორმალურად, მეამაყება, რომ ‘სილქნეტის’ ბრენდის კონცეფცია თავის დროზე ჩემი შექმნილია. არ შემიძლია, არ ვახსენო შინაარსობრივად ჩემთვის ყველაზე საინტერესო – ‘სულაკაურის გამომცემლობა’, რომლისადმი სიყვარულის გამო, მზად ვარ, წიგნებში გავუცვალო გამოცდილება”.

უჩა თვლის, რომ ქრეშ-კურსის ფარგლებში სტუდენტების მაქსიმალურ დაბუსტვაზე იქნება ორიენტირებული, თანაც მინიმალურ დროში:

“რადგან ჩვენს ქვეყანაში ხალხს, ზოგადად, ეზარება წერა-კითხვა, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, ისეთი პროფესიულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზება, სადაც მათ არაფრის წაკითხვა არ მოუწევთ და მაინც შეიძენენ სიღრმისეულ წარმოდგენას იმაზე, თუ მართლა, რა არის ბრენდი და რა შესაძლებლობები აქვს მას. ამას გარდა, იქვე შეძლებენ, გაგებულის გათავისებას და საბოლოო ჯამში, ჩამოუყალიბდებათ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბრენდინგის განცდა. როგორც იტყვიან, ვიღაცა დაგიღეჭავს, თავში ჩაგიდებს და სადაც გაგიხარდება, იქ გამოიყენებ”.

უჩას თქმით, ბრენდინგის სფეროში განვითარებისთვის და ბრენდის წარმატებულად მართვისთვის მთავარი თვისება რადიკალურობაა და არამარტო:

“ადამიანისთვის, რომელიც ბრენდის მართვას აპირებს, უპირველეს ყოვლისა, მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი ტრადიცია. ის უნდა იყოს რადიკალური, სულსწრაფი და ცოტა არანორმალურიც. ეს თვისებები შეძენადია”.

Sense of Branding-ის ქრეშ-კურსის მესამე მიღებაზე რეგისტრაცია დაწყებულია. კურსი ოთხ შეხვედრას მოიცავს და თითოეული მათგანი ხუთსაათიანია. უჩა ამ ოთხი შეხვედრის განმავლობაში სიღრმისეულად განიხილავს ბრენდინგს ოთხი მიმართულებით, როგორიცაა: ბრენდისა და პროდუქტის/სერვისის/კომპანიის თვისობრივი განსხვავება, ბრენდის ჰუმანიზაცია, ბრენდის კომუნიკაცია და ბრენდის ინოვაცია. კურსზე სწავლისთვის კი მარკეტინგის საფუძვლებზე ზოგადი წარმოდგენაც საკმარისია.

მაშ ასე, თუ შენც გაინტერესებს Sense of Branding, გაითვალისწინე, რომ პროგრამაზე ადგილები ლიმიტირებულია, რეგისტრაცია კი უკვე დაიწყო. 


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება