ყველაფერი UX დიზაინერის პროფესიის შესახებ

blog-detail-img

ციფრულ სამყაროში ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების გამოყენება მომხმარებლის გამოცდილებას ქმნის (user experience). ეს შეიძლება იყოს მობილური აპლიკაციის ან ვებ-გვერდის გამოყენება, ახალი ფეხსაცმლის ჩაცმა და შეფასება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. მომხმარებლის გამოცდილება (UX) ადამიანსა და პროდუქტს/სერვისს შორის არსებული ურთიერთობის ყველა ასპექტს შეეხება. UX დიზაინერი კი ცდილობს, რომ ეს პროცესი მარტივი, სწრაფი, ეფექტური და სასიამოვნო გახადოს. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი კომპანიის ერთგული მომხმარებლების შეძენა.

თუ ციფრული სამყარო გაინტერესებს და გსურს, რომ დაეუფლო ერთ-ერთ მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას, აუცილებლად გაეცანი ბლოგს. აქ გაგაცნობ UX დიზაინის მიმართულებას და მოგიყვები, რა შესაძლებლობებს გთავაზობს იგი.

ვინ არის UX დიზაინერი?

UX დიზაინერის მიზანია, პროდუქტი/სერვისი გახადოს ხელმისაწვდომი, მარტივად გასაგები და გამოსაყენებელი. ამისთვის ისინი მიმართავენ მომხმარებელსა და პროდუქტს შორის ურთიერთობის ოპტიმიზაციას. ამ მიმართულებას მრავალი კომპანია იყენებს, თუმცა იგი უფრო ხშირად ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების ციფრულ დიზაინთან ასოცირდება.

სანამ UX დიზაინის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოგიყვები, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ტერმინებს. მათი ცოდნა ძალიან დაგეხმარება და გაგიმარტივებს ამ სფეროში ორიენტირებას.

  • A/B ტესტირება – მეთოდი, რომელიც გამოიყენება პროდუქტის/სერვისის ორი ვარიანტის შესადარებლად. გეხმარება, განსაზღვრო, რომელი მათგანი იქნება უფრო წარმატებული.
  • წვდომა (Accessibility) – იმის განსაზღვრაა, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი პროდუქტის/სერვისის გამოყენება ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.
  • Card Sorting – ინფორმაციის ლოგიკურ ჯგუფებში გადანაწილება, რათა განსაზღვრო ინფორმაციის არქიტექტურა, აგებულება.
  • საბოლოო მომხმარებელი (End user) – ადამიანი, რომელიც გამოიყენებს დასრულებულ პროდუქტს/სერვისს მისი გამოშვებისთანავე.
  • ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქცია (Human computer interaction) – შესწავლის სფერო, რომელიც იკვლევს კომპიუტერული ტექნოლოგიის დიზაინს და ადამიანებსა და კომპიუტერს შორის ინტერაქციას.
  • ინფორმაციის არქიტექტურა (Information architecture) – ინფორმაციის სტრუქტურული დიზაინი, რომელიც უფრო გასაგებს ხდის მონაცემებს.
  • მოდელი (Mockup) – ვებ-გვერდის/აპლიკაციის რეალისტური მოდელი, რომელიც გიჩვენებს, როგორი ვიზუალი ექნება საბოლოო პროდუქტს.
  • პერსონა (Persona) – იდეალური მომხმარებლის გამოგონილი მოდელი, რომელიც გეხმარება გაიგო მათი საჭიროებები, სურვილები, მიზნები და შეისწავლო მათი ქცევა.
  • პროტოტიპი (Prototype) – საბოლოო პროდუქტის ნიმუში ან სიმულაცია, რომელიც მისი ტესტირებისთვისა და უკუკავშირის მისაღებად გამოიყენება.
  • User flow – დიაგრამა, რომელიც ასახავს ყველა იმ ეტაპს, რომელსაც მომხმარებელი გადის პროდუქტის/სერვისის გამოყენების პროცესში.
  • Wireframe – ვებ-გვერდის დაგეგმარების სქემა ვიზუალური დიზაინის გარეშე. გამოიყენება მომხმარებლების საჭიროების მიხედვით ვებ-გვერდის ელემენტებისთვის პრიორიტეტების მისანიჭებლად.

UX დიზაინერის ამოცანები და მოვალეობები

UX დიზაინერის პასუხისმგებლობაა, გაზარდოს პროდუქტით/სერვისით მომხმარებლების კმაყოფილება. წარმოიდგინე შენი თავი როგორც მომხმარებლის ადვოკატი, რომელიც მუდმივად ეძებს გზებს მათი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ახლა კი, ჩამოგითვლი იმ ამოცანებსა და მოვალეობებს, რომელთა შესრულებაც მოგიწევს დიზაინის პროცესის განმავლობაში:

  1. მომხმარებლისა და ბრენდის უფრო ახლოს გაცნობა და გაგება:  იფიქრე, რა პრობლემის გადაწყვეტას ცდილობ მომხმარებლისთვის და როგორ ეხმიანება იგი ბრენდის მიზნებს.
  2. მომხმარებლის კვლევის ჩატარება: განსაზღვრე მომხმარებლის საჭიროებები, მიზნები, ქცევა და პრობლემები, რომლებსაც პროდუქტის გამოყენებისას აწყდებიან. კვლევის ჩასატარებლად შეიძლება გამოიყენო გამოკითხვები, პირისპირ გასაუბრება, ფოკუს ჯგუფები ან A/B ტესტი. აქვე გეტყვი, რომ ზოგიერთ კომპანიაში ამ პროცესს UX მკვლევარი უძღვება.
  3. მიღებული ინფორმაციის ანალიზი: ამ ეტაპზე შექმნი მომხმარებლის პერსონას ჩატარებული კვლევების საფუძველზე. ეს მოგცემს საშუალებას, გაიგო, რომელია პროდუქტის/სერვისის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები. დაიწყე იმის განსაზღვრა,თუ რა სახე ექნება user flow-ს.
  4. დიზაინი: დიზაინის შენების დაწყებასთან ერთად შექმნი გეგმებს, wireframe-ს ან პროტოტიპებს. ეს შენ და შენს გუნდს უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი სახის იქნება საბოლოო პროდუქტი. ამ ეტაპზე UI დიზაინერი ვიზუალურ ელემენტებს ამატებს.
  5. მომხმარებლის ტესტის ჩატარება: შეამოწმე პროდუქტი/სერვისი რეალურ მომხმარებლებთან. პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი იმუშავე მათი გადაჭრის გზებზე.
  6. პრეზენტაცია: წარუდგინე შენ მიერ შესრულებული დიზაინი კლიენტს/კომპანიას.

UX დიზაინერისთვის საჭირო უნარები

ყოველდღიურ საქმიანობაში ამოცანების წარმატებით შესასრულებლად UX დიზაინერს ტექნიკური და სამუშაო გარემოს მრავალფეროვანი უნარების გამოყენება ესაჭიროება. მრავალი მათგანი სხვა სფეროებშიც აუცილებელი კომპონენტია. ამიტომ, თუ UX დიზაინის მიმართულებით ახლა იწყებ განვითარებას, ამ უნარებს, სავარაუდოდ, უკვე ფლობ. კონცენტრირდი მათ გაუმჯობესებაზე, რაც შენი კარიერის მყარი საფუძველი გახდება.

სამუშაო გარემოს უნარები:

  • კომუნიკაცია – დაგეხმარება, ეფექტურად ჩაატარო ინტერვიუ მომხმარებლებთან და წარუდგინო სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის გზები კლიენტებს.
  • თანაგრძნობა – შესაძლებლობას გაძლევს, იფიქრო პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მომხმარებლის თვალსაზრისით.
  • თანამშრომლობა – უზრუნველყოფს გუნდთან მუშაობის ჰარმონიულობას, უკუკავშირის მიღებას, მსჯელობასა და ამოცანის ერთობლივ გადაწყვეტას.
  • კრიტიკული აზროვნება – გიბიძგებს, გამოიწვიო შენი თავი, გადააფასო ვარაუდები და შეიმუშაო ახალი გზები.

ტექნიკური უნარები:

  • კვლევა – ინტერვიუების, კვლევებისა და დაკვირვებების ჩატარება. გეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.
  • ინფორმაციის არქიტექტურა – დიდი და კომპლექსური ინფორმაციის ორგანიზება და პრიორიტეტების მინიჭება.
  • Wireframing (ვებ-გვერდის/აპლიკაციის ჩონჩხის აგება) – გეხმარება, ეფექტურად შეისწავლო დიზაინის საკითხების გადასაჭრელად არსებული გზები.
  • პროტოტიპის შექმნა – აუცილებელია პროდუქტის/სერვისის პრაქტიკულობის შესასწავლად და პრობლემების აღმოსაჩენად.

გარდა ამისა, ამ მიმართულებით ვიზუალური დიზაინისა და პროგრამირების საფუძვლების ცოდნა დაგეხმარება, უკეთესად გაიგო პროდუქტის განვითარების პროცესი და მასში დიზაინის როლი.

UX დიზაინერი - სამსახურის ტიპები

სამსახურის ძიებისას UX დიზაინის მიმართულებით შესაძლოა პოზიციის მრავალფეროვან დასახელებებს წააწყდე. მაგალითად, UX Designer, Product Designer, Interaction Designer, Service Designer. როგორც UX დიზაინერს, პატარა კომპანიაში მუშაობისას ზოგადი როლის შეთავსება მოგიწევს და დიზაინის პროცესის ყოველ ეტაპს თავად გაუძღვები. ხოლო დიდ ორგანიზაციაში კი შესაძლოა შენი მოვალეობა სპეციალიზებული იყოს და უფრო კონკრეტულ მიმართულებას მოიცავდეს. მაგალითად, ინფორმაციის არქიტექტურას, UX კვლევას, UX ინჟინერიას, ინტერაქციულ დიზაინს და ა. შ.

როცა გამოცილებას დააგროვებ, შესაძლებლობა გექნება, დრო დაუთმო შენი სპეციალიზაციით განვითარებას ან დაიკავო მენეჯერის პოზიცია პროექტების, პროდუქტების მიმართულებით.

შეიძლება ბლოგის კითხვისას გაგიჩნდა კითხვა, თუ რა განსხვავებაა UX და UI დიზაინერებს შორის. UI (User Interface) დიზაინერიც ასევე პროდუქტის განვითარების პროცესში მონაწილეობს. თუმცა მისი ფოკუსი მოიცავს გრაფიკულ დიზაინსა და ინტერფეისს.

გაეცანი ბლოგს "რა განსხვავებაა UX დიზაინსა და UI დიზაინს შორის?"

რატომ UX დიზაინი?

თუკი ისევ ფიქრობ, თუ რატომ უნდა აირჩიო UX დიზაინი, გეტყვი, რომ ეს მიმართულება კრეატიულობისა და ანალიტიკური უნარების გამოყენების შესაძლებლობას გაძლევს სხვადასხვა დარგში, რომელიც შესაძლოა შენი ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს. შენი სამუშაო დღითიდღე, პროექტიდან პროექტამდე ცვალებადი და მრავალფეროვანი იქნება. კარიერის განმავლობაში კი მუდმივად სწავლისა და განვითარების საშუალება გექნება.

ასევე, ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, UX დიზაინერების ანაზღაურებაც საკმაოდ მომხიბლავად ჟღერს. აშშ-ში მათი საშუალო წლიური შემოსავალი $116,693-ის ტოლია.

როგორც ხედავ, UX დიზაინი გამოწვევებით სავსე სფეროა. თუ შენს კარიერაში სიახლის შეტანა გსურს და თან ციფრული პროდუქტების განვითარება გაინტერესებს, დროა მისი შესწავლა დაიწყო. გაეცანი Commschool-ის კურსისUX Research & Design სილაბუსს და შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება