რა არის გრაფიკული დიზაინი?

blog-detail-img

გრაფიკული დიზაინი არის პროფესია, რომელიც ვიზუალურ გამოსახულებებს იყენებს იდეებისა და მთავარი გზავნილების სამიზნე აუდიტორიისთვის გადასაცემად. კომუნიკაციის ამ ფორმას ციფრულ ერაში დღეს ყველგან შეხვდები – ბილბორდებზე, პროდუქტების შეფუთვასა თუ მობილურ აპლიკაციებში. სხვადასხვა ხერხისა და პრინციპის გამოყენებით, გრაფიკულ გამოსახულებას შეუძლია ჩვენს წარმოდგენებზე, ემოციებსა და გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა იქონიოს.

კომპანიები სწორედ გრაფიკული დიზაინერების დახმარებით უკავშირდებიან მათ მომხმარებლებს. ტექსტის, დიზაინისა და ფოტოსურათების გამოყენებით მათ პროდუქციას არეკლამებენ და ყიდიან და ქმნიან ბრენდის იდენტობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ეს სფერო ხელოვნებასა და ბიზნესს, კრეატიულ პროცესსა და კომერციულ მიზნებს აერთიანებს.

თუკი გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს და გსურს, ამ მხრივ განვითარდე, სწორ ადგილას მოხვედი. წაიკითხე ბლოგი, სადაც უფრო დეტალურად მოგიყვები ამ მიმართულების შესახებ და გაგაცნობ იმ მრავალმხრივ კარიერულ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს სფერო გთავაზობს.

რა ელემენტებისგან შედგება გრაფიკული დიზაინი?

გრაფიკული დიზაინის ელემენტები და პრინციპები მოიცავს ხაზს, ფერს, ფიგურას, სივრცეს, აგებულებას, ტიპოგრაფიას, სკალას, დომინანტობასა და ბალანსს. მათი ერთიანობა ქმნის ვიზუალურად თვალშისაცემ და მიმზიდველ გამოსახულებას, რომელიც ეფექტურად გადმოსცემს მთავარ გზავნილს.

ხაზი – თითქმის ყველა დიზაინის შემადგენელი ნაწილია და გვხვდება სხვადასხვა ფორმით: სწორი, მრუდე, გრძელი, მოკლე, ვიწრო, სქელი… იგი გეხმარება სივრცის დაყოფაში, ასევე კონკრეტული მიმართულებით ადამიანის ყურადღების მისაქცევად.

ფერი – შეიძლება ითქვას, დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი და აშკარა, ყველაზე მარტივად შესამჩნევი ნაწილია. მას მაშინვე შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა, რადგან ყველა ამჩნევს და აღიქვამს. ფერი შეიძლება გამოიყენო როგორც ფონად, ისე რომელიმე ელემენტში (ხაზი, ფიგურა, ტექსტი). იგი ქმნის ემოციასა და ხასიათს. მაგალითად, მწვანე ფერი ბუნებას უკავშირდება, ყვითელ ფერს კი დადებითი ემოციების აღძვრა შეუძლია.

ფიგურა – ხაზების კომბინაცია, როგორებიცაა წრე, სამკუთხედი, კვადრატი, მართკუთხედი და სხვა აბსტრაქტული ფორმები. თითოეულ დიზაინში ერთ-ერთს მაინც შეხვდები. ფერების მსგავსად, ფიგურებიც სხვადასხვა ასოციაციებს იწვევენ ადამიანში. მაგალითად, წრე ერთიანობას გამოხატავს, კვადრატი კი – სტრუქტურას. ფიგურის ფერს, სტილს, ფონს, მოხაზულობას შეუძლია ადამიანის აღქმაზე გავლენის მოხდენა.

სივრცე – თეთრ ან ნეგატიურ სივრცეს გრაფიკულ დიზაინში უწოდებენ ცარიელ ადგილს, რომელსაც ფიგურების ირგვლივ ან მათში ტოვებენ. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი ადამიანის თვალისთვის ნამუშევრის აღქმას ამარტივებს და აუმჯობესებს.

აგებულება (ტექსტურა) – დიზაინში უკვე ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მასალა: ქაღალდი, ქვა, ბეტონი, აგური, ქსოვილი. მათი მეშვეობით შეგიძლია შექმნა მრავალფეროვანი და საინტერესო სამგანზომილებიანი გამოსახულება.

ტიპოგრაფია – ტექსტზე მუშაობისას გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს ორი ფაქტორი და მათ შორის არსებული მიმართება: რას ამბობს ტექსტი და როგორ გამოიყურება იგი. ტიპოგრაფია ტექსტის იმგვარად განლაგებაა, რომ ადვილად გასაგები, აღქმადი და მიმზიდველი იყოს. ამ შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფონტი განსხვავებულ ემოციებს აღძრავს. ამიტომ, საჭიროა მისი სწორად შერჩევა, რათა ძლიერი ვიზუალური ეფექტი იქონიოს მნახველზე.

სკალა – გამოიყენება ვიზუალური იერარქიის შესაქმნელად, რაც უფრო დინამიკურს ხდის გამოსახულებას. მისი საშუალებით შეგიძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის უფრო ნათლად გამოკვეთა და მათზე აქცენტის გაკეთება.

დომინანტობა – დიზაინის რომელიმე ნაწილის გამოკვეთა. ამისთვის გამოიყენება კონტური, კონტრასტი, იზოლაცია და სხვა ტექნიკები.

ბალანსი – დაბალანსებული დიზაინი სტაბილურობის შეგრძნებას ტოვებს, ხოლო დაუბალანსებელს შეიძლება დინამიკურობის ეფექტი ჰქონდეს. ბალანსის მიღწევა ფიგურების, ფერების, ხაზებისა და სხვა ელემენტების სწორი განლაგებით მიიღწევა.

ჰარმონია – გრაფიკული დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. კარგი დიზაინი ნიშნავს იმას, რომ მისი შემადგენელი თითოეული ელემენტი ერთმანეთის შემავსებელია და ერთად ეფექტურად ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას. თუმცა, თუ ყველაფერი ერთმანეთის მსგავსია, დიზაინი შეიძლება მონოტონური და მოსაწყენი გამოვიდეს. ამის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ჰარმონიასა და კონტრასტს შორის.

რა სახის გრაფიკული დიზაინი არსებობს?

არსებობს სხვადასხვა ტიპის გრაფიკული და UX დიზაინი და სპეციალიზაციები. თითოეული მათგანი განსხვავებულ ტექნიკებსა და უნარებს მოითხოვს.

ვიზუალური იდენტობა (ბრენდინგი) – ეს მიმართულება მუშაობს ბრენდის ვიზუალურ მხარეზე. მისი მიზანია, კომპანიის იდენტობის გადმოცემა ფოტოსურათების, ფიგურებისა და ფერების გამოყენებით. ამ განხრით მომუშავე გრაფიკული დიზაინერები ქმნიან ლოგოებს, ტიპოგრაფიას, ფერების პალიტრას, სურათებს, რომლებიც გამოხატავენ ბრენდს. ასევე, შეიმუშავებენ მითითებებს, რეკომენდაციებს, რათა ყოველმხრივ დაცული იყოს იდენტობა მისი ნებისმიერი სახით გამოყენების შემთხვევაში.

მარკეტინგი და რეკლამირება – გამოიყენება სერვისებისა და პროდუქტების გასაყიდად სხვადასხვა ტიპის რეკლამის შესაქმნელად. მაგალითად, პოსტერები, ბილბორდები, ფლაერები, კატალოგები, შეფუთვა თუ ციფრული რეკლამა (ვიდეორგოლი, სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პოსტი). ამ მიმართულებით მომუშავე დიზაინერები ქმნიან გრაფიკას მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიებისთვის. ქმნიან სამიზნე აუდიტორიისთვის განკუთვნილ დიზაინებს, ამიტომ, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, როგორ იყიდება პროდუქტი და როგორ მიიქციონ მომხმარებლების ყურადღება.

ვებ-დიზაინი – ვებ-გვერდების დიზაინის, სტრუქტურის, სქემის დაგეგმვა და შექმნა. იგი ფოკუსირდება გარეგან მხარე და მომხმარებელთა გამოცდილებაზე (User Experience – UX). ვებ-დიზაინერები იყენებენ სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტს (ტექსტი, ფოტო, გრაფიკა, ვიდეო), რათა შექმნან მომხმარებლებისთვის მარტივად გამოსაყენებელი ვებ-გვერდები. ვებ-დიზაინი მჭიდრო კავშირშია UX და UI დიზაინთან.

გამომცემლობა – ტიპოგრაფიისა და ხელოვნების ნიმუშების (ფოტოგრაფიიდან, ილუსტრაციებიდან, გრაფიკული ნამუშევრებიდან) შერჩევა გამოცემებისთვის. ამ განხრით მომუშავე გრაფიკული დიზაინერი მუშაობს წიგნების, გაზეთების, ჟურნალებისა და კატალოგების ვიზუალურ მხარეზე. მათ კარგად უნდა იცოდნენ ფერების ეფექტურად გამოყენება, ასევე, ბეჭდვითი საქმე და ციფრული გამოცემები.

შეფუთვა – შეფუთვა არამარტო იცავს ნივთს, არამედ იგი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ხელსაწყოცაა. გრაფიკული დიზაინერები ქმნიან მოდელს და დასაბეჭდად გამზადებულ ფაილს. მათ კარგად უნდა იცოდნენ, როგორ მიმდინარეობს ბეჭდვის პროცესი, ინდუსტრიული დიზაინი და წარმოება. აქტიურად უნდა შეისწავლონ არსებული ტენდენციები, მათი კონკურენტების სტრატეგიები, რათა ამ მხრივ მომხმარებლებისთვის გამორჩეულები იყვნენ.

Motion graphic design – ახალი მიმართულებაა გრაფიკულ დიზაინში, თუმცა სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი. იგი ქმნის მოძრავ გრაფიკას: ანიმაციას, ვიდეო თამაშებს, ტრეილერებს, ტიტრებს.

გარემო, ინტერიერი – მულტიდისციპლინური მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს გრაფიკულ, არქიტექტურულ, ინდუსტრიულ, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინს. იგი აკავშირებს ადამიანებს გარემოსთან. ზოგადად, ამ განხრით მომუშავე დიზაინერებს აქვთ გრაფიკული დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში ცოდნა და გამოცდილება. ისინი შეიძლება მუშაობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტირების სქემებზე, ნავიგაციაზე, სავაჭრო ქსელების ინტერიერზე, ოფისის მოწყობასა და ბრენდინგზე.

ილუსტრაცია – გრაფიკული ხელოვანები ქმნიან ორიგინალურ ნამუშევრებს მედიისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. უმეტესად მათ აქვთ ხატვის, ანიმაციის ან არქიტექტურის მიმართულებით სწავლის/მუშაობის გამოცდილება. ისინი თანამშრომლობენ მწერლებთან, რედაქტორებთან, მარკეტერებთან და სხვა სპეციალისტებთან.

რა განსხვავებაა UX დიზაინსა და გრაფიკულ დიზაინს შორის?

გრაფიკული დიზაინერი პროდუქტის გარეგან მხარეზე ზრუნავს, ხოლო UX დიზაინერი მომხმარებლების მიერ პროდუქტის გამოყენების გამოცდილებაზე ფოკუსირდება. მათ ბევრი საერთო ელემენტი აკავშირებთ, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.

გრაფიკული დიზაინის მიზანი ვიზუალურად მიმზიდველი პროდუქტების შექმნაა, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციასა და მოწოდებას შეიცავს. ის ფოკუსირებულია ბრენდინგზე, ტიპოგრაფიაზე, კომპოზიციაზე და მუშაობენ სხვადასხვა მარკეტინგულ მასალაზე (ლოგო, რეკლამა, ფლაერი, შეფუთვა, ანიმაცია).

რაც შეეხება UX დიზაინს, ის მოიცავს გრაფიკულ დიზაინსაც, თუმცა იგი უშუალოდ საბოლოო პროდუქტზე მუშაობს. მისი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაა პროდუქტის გამოყენების, ხელმისაწვდომობისა და მასთან ინტერაქციის გაუმჯობესების გზით. UX დიზაინერის საქმიანობა მოიცავს კვლევას, პროტოტიპების შექმნასა და დატესტვას.

ამ ორი მიმართულების წარმომადგენლები ერთად მუშაობენ და ხშირად მსგავს დავალებებს ასრულებენ. ამიტომ, მარტივია პოზიციის ცვლილება და გრაფიკული დიზაინიდან UX დიზაინზე გადასვლა ან პირიქით, რადგან დიზაინერები ორივე საქმისთვის საჭირო უნარებს ფლობენ.

რა უპირატესობები აქვს გრაფიკულ დიზაინს?

კომპანიისთვის სასარგებლოა გრაფიკული დიზაინის მიმართულებაზე ზრუნვა სხვადასხვა მიზეზით:

ბრენდის ცნობადობა – გრაფიკული დიზაინერი კომპანიას სწორი ლოგოს, ფოტოსურათების, გრაფიკის შექმნაში/არჩევაში ეხმარება. ეს უზრუნველყოფს ბრენდის ერთიანობას ყველანაირი მიმართულებით, სხვადასხვა არხებზე, რომლებსაც მომხმარებლებთან საურთიერთობოდ იყენებს. გაიხსენე რომელიმე წარმატებული კომპანია და დაფიქრდი, რამხელა როლს თამაშობს გრაფიკული დიზაინი მის ბრენდინგში.

ვიზუალური კომუნიკაცია – გარდა ბრენდის იდენტობის შექმნისა, გრაფიკული დიზაინი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ. მხოლოდ ფოტოსურათს ან ტექსტს არ შეუძლია სათქმელის ისე ეფექტურად გადმოცემა, როგორც გრაფიკულ დიზაინს. ამიტომ, გრაფიკული დიზაინერი სწორედ იმ კრეატიული გზების ძიებაში ეხმარება კომპანიას, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ სამიზნე აუდიტორიისთვის მათთვის სასურველი ინფორმაციის გადაცემას.

გაყიდვების ზრდა და კონკურენტული პოზიცია – კარგი გრაფიკული დიზაინი კომპანიას ბაზარზე უფრო ხილვადს ხდის. ეს კი გაყიდვების და შესაბამისად, შემოსავლის ზრდაში გამოიხატება. გრაფიკულ დიზაინს დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის ქცევაზე, ამიტომ, იგი ნამდვილად ეხმარება კომპანიას კომერციული მიზნების  მიღწევაში.

როგორც ხედავ, გრაფიკულ დიზაინერს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია კომპანიის წარმატების საქმეში. თანაც, ამისთვის საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებენ. ამიტომ, თუ გაინტერესებს დიზაინის სფერო და გსურს 0-დან ისწავლო იგი, გირჩევ, რომ Graphic Design For Beginners-ის კურსზე შემოგვიერთდე.

პროგრამა პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებზეა აგებული. აქ ისწავლი დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვას, ბრენდისთვის ვიზუალის შექმნას, დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვას. ხოლო თუკი კურსდამთავრებულებს შორის საუკეთესო ინდივიდუალურ პროექტს შექმნი, Commschool-ის პარტნიორ კომპანიაში გარანტირებულ სტაჟირებას გაივლი!

ასე რომ, გაეცანი უფრო დეტალურად კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება